GEOENG
   
 

მედიაცია - როცა ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ

 

პოლიტიკა, ეკონომიკა, ქუჩის აქციები, არჩევნები, საპარლამენტო ცხოვრება  თუ საერთაშორისო ვიზიტები - გამიჭირდება ჩამოვთვალო რამდენი თემა გამიშუქებია, რამდენ საკითხზე  მიმუშავია ჟურნალისტური საქმიანობის 12 წლიანი პერიოდის განმავლობაში, თუმცა არასოდეს ყოფილა მედიაცია. სასამართლო მედიაციის  შესახებ დაახლოებით 3 წლის წინ,  მეგობრისგან გავიგე - ანა მედიატორად მუშაობდა. ჩემში ინტერესი გაჩნდა მაშინ, როცა ვხედავდი მის ემოციებს, აღფრთოვანებას ახალი საქმით. რთული მისახვედრი არ იყო, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს აკეთებდა. ბევრი კითხვებით რომ არ გადამეღალა ინტერნეტს მივადექი. დამეხმარა სხვადასხვა ვებ-გვერდებიც და ტელეეთერებში გასული სიუჟეტებიც, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მალევე შევიტყვე სასამართლო მედიაციის ცენტრის არსებობის შესახებ. მეც ავდექი და წავედი. ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მდებარეობს, იქ სადაც მოქალაქეთა მისაღები დარბაზია. ცენტრში ელენემ მიმასპინძლა. ელენე ორჯონიკიძე მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელია და მედიატორადაც მუშაობს. ხმაურიანი დარბაზიდან, ერთი კარის შეღებით მყუდრო და სასიამოვნო გარემოში ხვდებით, სადაც აღარც ხმაური გაწუხებთ და გულახდილი საუბრისთვისაც მალევე განეწყობით.

ელენემაც მოიცალა და ოთახის შუაგულში, წითელ სავარძლებში მოვკალათდით. „მედიაცია არის დავის გადაჭრის ალტერნატიული საშუალება“  - ეს პირველი წინადადება იყო. მედიაციის ცენტრის ახალგზარდა ხელმძღვანელს არც დეტალების განმარტება დაზარებია. შედეგად ახლა უკვე ვიცი, რომ მედიაცია სასამართლო განხილვებთან შედარებით დავის გადაჭრის სწრაფი და იაფი  გზაა, მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება კი სასამართლო გადაწყვეტილების მსგავსად აღსრულებადია.

როგორ ავცდეთ გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს და არც თუ უმნიშვნელო ხარჯებს? ანუ როგორ ვისარგებლოთ მედიაციის სერვისით? ელენე ორჯონიკიძე მიყვება, რომ დავის სასამართლო მედიაციაზე გადაცემის კლასიკური გზა ასეთია - სასამართლოში შესულ საქმეზე მოსამართლე გასცემს რეკომენდაციას და მხარეებს სთავაზობს, რომ დავა მედიაციის გზით გადაჭრან. სასამართლო ამზადებს შესაბამის განჩინებას და უკვე ამის  შემდეგ პროცესში მედიაციის ცენტრი ერთვება, მოდავე მხარეებს ცენტრის ხელმძღვანელი უკავშირდება და იწყება მედიატორის შერჩევის პროცედურა. სერთიფიცირებული მედიატორი შეიძლება იყოს იურისტიც, ფსიქოლოგიც, მოკლედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, თუმცა ცხადია გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე. მოდავე მხარეებს მედიატორის შერჩევა შეუძლიათ ცენტრის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული სიიდანაც, პროცედურა მათ მედიატორის აცილების უფლებასაც უტოვებს. მედიატორის სწორად შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რადგან ეს არის ადამიანი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან სვამს, ეხმარება კომუნიკაციის დამყარებასა და ინტერესების დაახლოებაში, ანუ იმ წერტილამდე მისვლაში რაც მოდავე მხარეებმა დამოუკიდებლად ვერ შეძლეს, ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ დავის სხვადასხვა მხარეს ერთი ოჯახის ორი წევრი დგას.

მომწონს ყველაფერი რასაც ელენე ორჯონიკიძე მიყვება, მიკვირს ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი და ვინტერესდები რამდენად ბევრია ქვეყანაში ჩემნაირი. აღმოჩნდა რომ საკმაოდ ბევრი. მაინტერესებს მიზეზი. მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 5 წლის შემდეგაც, ცნობადობის დაბალი მაჩვენებელი სასამართლო მედიაციისთვის მთავარი გამოწვევაა. „2013 წლიდან ოქტომბრიდან არსებობს მედიაციის ცენტრი, მაგრამ პირველი სამი წელი მიძინებული პერიოდი იყო, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეგვიძლია ვთქვათ რომ მიმართვიანობა გასამმაგებულია“, - ელენე ორჯონიკიძესთან საუბარს ასე ვასრულებ.

გმირებს ვეძებ, ადამიანებს ვინც უკვე ისარგებლა მედიაციით, მათი აზრი ყველაზე მეტად მაინტერესებს. და ვიპოვე... პირადი ისტორიის მოსმენა კონფიდენციალობის დაცვის პირობით შევძელი.

პირობითი სახელით თიკოს, დავა ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა, ქონებასთან დაკავშირებული.  „ამ გზით ნერვები შევინარჩუნე“, - მეუბნება თიკო და მიაჩნია, რომ სასამართლო მედიაცია არის საუკეთესო გზა მოდავე მხარესთან სამომავლო, ნორმალური ურთიერთობების შესანარჩუნებლადაც. „მე ისედაც არაფერს არ ვკარგავდი, პირიქით ის კარგავდა ყველაფერს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მედიაცია სასამართლოში დავის განხილვასთან შედარებით საუკეთესო გზაა, თუ გვინდა ისე მოვრიგდეთ რომ სამომავლოდ მაინც შევინარჩუნოთ ნორმალური ურთიერთობები“, - თიკო დავის დეტალების გახსენებას ერიდება და მედიაციის და უფრო კონკრეტულად მედიატორის უპირატესობებზე საუბარს ირჩევს.

აღმოჩნდა, რომ თიკოს და მისი უკვე ყოფილი მეუღლის ქეისში მნიშვნელოვანი როლი მედიატორმა შეასრულა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ის დაეხმარა ყოფილ მეუღლეებს კომუნიკაციის აღდგენაში და საერთო ენის მოძებნაში. „მაგალითად ჩვენი მედიატორის დახმარებით, მივხვდი რომ არ ღირს წვრილმანებზე ნერვიულობა, მე ძალიან გამიმართლა მედიატორში, ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა“, - მიყვება თიკო.

ახლა მესმის ჩემი მეგობრის, რატომ მოსწონდა ასე მედიატორობა. კარგი საქმეა დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ენა აპოვნინო, ურთიერთობების აღდგენაში დაეხმარო, მოარიგო ისე რომ დასრულდეს დავაც და ორივე მხარეც კმაყოფილი დარჩეს.

უკვე ვიცი, რომ მედიაცია კომუნიკაციის ერთგვარი ხელოვნებაა, სწორად დანახული პრობლემა და მორიგების სურვილი კი დავის გადაჭრის საუკეთესო გზა.

 

ავტორი: სოფო ბერიძე

 

Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.