GEOENG
   
 
ძიება:
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა

უფრო სამართლიანი და დამოუკიდებელი
სასამართლოსთვის


2008 წლის სექტემბრიდან ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, დაიწყო მიმდინარე სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა.

რეფორმის მიზანია საქართველოს მოქალაქე იყოს უკეთესად დაცული, ცხოვრობდეს უფრო სამართლიან და წარმატებულ საზოგადოებაში.

რეფორმის ახალი ტალღა ითვალისწინებს მთელი რიგი პროგრესული ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის, ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციის, საზოგადოებრივი ნდობის და მისი სამართლებრივი შეგნების ამაღლების კუთხით.

აღნიშნულის მისაღწევად უკვე გახორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა.

კერძოდ,

1. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისთვის არის პოლიტიკური ნება და გადაწყვეტილება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე. ეს პრინციპი, როგორც ხელშეუხებლობის, სტაბილურობის და უცვლელობის კონსტიტუციური გარანტია, შექმნის მთავარ  წინაპირობას იმისათვის, რომ მოსამართლეები იყვნენ უფრო დაცულები და შესაბამისად უფრო დამოუკიდებელნი და თამამნი თავიანთ გადაწყვეტილებებში.

აღნიშნულისთვის საჭიროა საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ცვლილებების პროექტი შემუშავებულია და უახლოეს მომავალში (საშემოდგომო სესიაზე) განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ.

2. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება

ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო 2004 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლითაც სახელმწიფოს დაევალა საერთო სასამართლოების სისტემაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა.

კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 2006 წლის 8 დეკემბერს. ნაფიც მსაჯულთა სისტემის განსაზღვრის გარდა, კოდექსის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის წინასწარი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნისას დაცვის და ბრალდების მხარის აბსოლუტური თანასწორობა.

კანონპროექტის მიზანია შექმნას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ახალი სისტემა, რომელიც აგებულია:

_ შეჯიბრებითობის;
_ საჯაროობის;
_ მხარეთა თანასწორობის;
_ მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევის;
_ ბრალდებულის უფლებათა პატივისცემის;
_ სხვა პროგრესულ პრინციპებზე.

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საკვანძო პრინციპია შეჯიბრებითობა მხარეებს შორის, როგორც წინასასამართლო გამოძიების, ისე საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენისა და შეფასების მხრივ.

უქმდება წინასასამართლო გამოძიების დროს მოწმის მიერ ჩვენების მიცემის სავალდებულოობა. გამომძიებელს, პროკურორს აღარ ექნება მოწმის დაკითხვის უფლება. მას შეუძლია ნებისმიერი პირისაგან, ნებაყოფლობით საფუძველზე, მხოლოდ ინფორმაციის მიღება ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მაგრამ, ამგვარი ნებაყოფლობითი გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არ მიიღება საქმის არსებითი განხილვის დროს, როგორც მტკიცებულება. მოწმე გამოცხადდება და ჩვენებას მისცემს მხოლოდ სასამართლოში, ორივე მხარის თანდასწრებით.

კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის არსებითი გარდაქმნა ჩვეულებრივ საგამოძიებო მოქმედებად. ამ ნოვაციის მთავარი არსი არის მაქსიმალურად მკაცრი სასამართლო კონტროლის დაწესება ისეთ ღონისძიებებზე, რომელიც პოტენციურად ყველაზე მეტად აღწევს ბრალდებულის (თუ სხვა პირის) პირად ცხოვრებაში, როგორიცაა ფარული მოსმენა-მიყურადება, ვიზუალური კონტროლი, კონტროლირებული მიწოდება, კონსპირაციული საქმიანობა და სხვა ფარული ღონისძიებები.

მნიშვნელოვნად არის წახალისებული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, შესაბამისად, გირაოს მინიმალური ოდენობა, მოქმედ საპროცესო კოდექსთან შედარებით, განახევრებულია (შეადგენს 1000 ლარს ნაცვლად 2000-ისა).

საქმის სასამართლოში გადაცემისთანავე, გაუქმებულია საქმის წინასწარ (წინასასამართლო) გამოძიებაში დაბრუნების შესაძლებლობა.

იცვლება მოსამართლის როლი საქმის არსებითი განხილვის დროს _ მოსამართლე აღარ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით დაკითხოს მოწმე, გამოითხოვოს მტკიცებულება ან დასვას შეკითხვა, ვინაიდან პროცესის შეჯიბრებითობა გულისხმობს მოსამართლის, როგორც მიუკერძოებელი არბიტრის (და არა პროცესის აქტიური მონაწილის) როლის განმტკიცებას.

კანონპროექტის ერთ-ერთ უმთავრეს ნოვაციას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის პირდაპირ, დემოკრატიულ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში. შესაბამისად, 12 ნაფიცი მსაჯულისაგან შემდგარი სასამართლო, გადაწყვეტს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს და მისცემს ან არ მისცემს სასამართლოს რეკომენდაციას სასჯელის შემცირების (დამძიმების) თაობაზე.

ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი არ საჩივრდება, ხოლო გამამტყუნებელი ვერდიქტი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ კასაციის წესით.

კანონპროექტის შემუშავებისას მონაწილეობდნენ:

_ საქართველოს უზენაესი სასამართლო;
_ საქართველოს გენერალური პროკურატურა;
_ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
_ საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო;
_ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
_ ,,თავისუფლების ინსტიტუტი";
_ ევროპის საბჭო;
_ ევროკავშირის მისია საქართველოში (EUჟUშთ-თHEMIშ);
_ აშშ-ს საელჩო საქართველოში;
_ ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA).

კოდექსი მიღებულ იქნება საშემოდგომო სესიაზე და, სავარაუდოდ, ამოქმედდება 2009 წლის 1 ივლისიდან.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ოპოზიციის წარმომადგენლის მიღება.

`საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონში, 2008 წლის 5 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან 1 წევრი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რათა სასამართლო რეფორმის მართვაში მუდმივად იყოს ჩართული ოპოზიცია.

2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით პარლამანტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკოლოზ ლალიაშვილი.

აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას და ხელს შეუწყობს კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკულ და ჯანსაღ დისკუსიებს.

შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.