GEOENG
   
 

 

 
 
 

თბილისის საქალაქო სასამართლო

                საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 აპრილის ბრძანებულებით, 2005 წლის 5 მაისს, ლიკვიდირებულ იქნა გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდის და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

                თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: სამოქალაქო საქმეთა კოლეგია (2008 წლის 3 მაისამდე განთავსებული იყო ქ. წამებულის N1-ში), ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (2008 წლის 19 ივლისამდე განთავსებული იყო სარაჯიშვილის გამზ. N1ა-ში) და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, (სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მე-2 სართულზე, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში, (სადაც პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები), უნივერსიტეტის ქ. N2-ში და ბოლოს 2008 წლის 1 თებერვლიდან ისევ დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში). 

                თბილისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქალაქის დასავლეთით, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6-ში. შენობა გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, სისადავითა და დახვეწილი გემოვნებით. მისი გრანდიოზული კოლონები და მოჩუქურთმებული ფასადი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე. შენობის მთელი მოცულობა ისეა სპეციფიკურად დაგეგმარებული და გამოყენებული, რომ ყოველმა შემომსვლელმა, მოქალაქემ თუ თანამშრომელმა, მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი.

                 შენობაში შემომსვლელი ხვდება უზარმაზარ ჰოლში, სადაც სვეტებზე განლაგებულია ელექტრონული ტაბლოები, რის მეშვეობითაც მხარეები მოიპოვებენ ინფორმაციას მიმდინარე და შემდგომში ჩანიშნული პროცესების შესახებ. ჰოლში განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა და მხარეთა განცხადებების, შუამდგომლობების და საჩივრების მიღება. პირველ სართულზევეა მხარეთათვის განკუთვნილი საქმის გასაცნობი ოთახი და 14 სასამართლო დარბაზი, სათათბირო ოთახებით, სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად. N1 სხდომის დარბაზი განკუთვნილი და მოწყობილია სპეციალურად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განსახილველად. 17 სხდომის დარბაზი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, ხოლო 8 სხდომის  დარბაზი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის _ შენობის მეექვსე სართულზე. სხდომათა დარბაზები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დარბაზებში შესასვლელები მოწყობილია მოსამართლეებისათვის და პროცესზე დამსწრეებისათვის ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა დარბაზებში დამატებით, იზოლირებული შესასვლელია განკუთვნილი პატიმრებისათვის.

                     შენობის დაპროექტებისას გათვალისწინებულია და ფუნქციონირებს სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ პატიმართათვის განკუთვნილი იზოლატორები, რომელთაც აქვთ ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შესასვლელი. ამათგან ერთი შესასვლელით სარგებლობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებიდან წარმოდგენილი პატიმრები, ხოლო მეორე შესასვლელით სარგებლობენ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან წარმოდგენილი დაკავებული პირები. სასამართლოს იზოლატორში ფუნქციონირებს ვინტილაციისა და გათბობის თანამედროვე სისტემები.

                
მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები მდებარეობს შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე.
                 მეექვსე სართულის დიდი ნაწილი უკავია სასამართლოს არქივს, სადაც მოთავსებულია ათასობით საქმე 2005 წლიდან.



 

 
შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი
 
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.