GEOENG
   
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ხოლო გიორგი ბასიაშვილს ასევე ძალადობის მუქარით.

საქმის მასალების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” და მათი მხარდამჭერების მიერ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ბრალდებულებმა საშუალება არ მისცეს შეკრებილ მოქალაქეებს ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია და ჩადენილი ძალადობით უკანონოდ ხელი შეუშალეს შეკრებაში მიეღოთ მონაწილეობა. კერძოდ, მათ გაარღვიეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული კორიდორები და კორდონები და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. ასევე, შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ აქციაზე შეკრებილებს.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და უარყვეს შეკრებისათვის ძალადობით ხელის შეშლა.

სასამართლომ განიხილა და შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან ერთად, პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურეს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლომ საქმეზე ბრალდებულად ცნობილი ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.