თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა განსასჯელ ვ.ო.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. ვ.ო.-ს ბრალი ედებოდა დამამაძიმებელ გარემოებებში, ანგარებით, მ.ა.-ს მკვლელობაში და თაღლითური გზით, გარდაცვლილი მ.ა.-ს პენსიის მიღება-მისაკუთრებაში. მას ასევე ბრალი ედებოდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში.
სასამართლომ, წარმოდგენილ მტიკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია ვ.ო.-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა და იგი დამნაშავედ სცნო.
კერძოდ, ვ.ო.-მ 2008 წლის მარტის თვეში, საკუთარ ქორწინების მოწმობაში ჩანაწერები შეცვალა და დაამზდა ა.ბ.-სა და მ.მ-ს ქორწინების ყალბი მოწმობა. რითაც ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება.
მანვე, გაიცნო და დაიახლოვა მარტოხელა მოხუცი, მ.ა. და მისი ბინის დაუფლების მიზნით მოხუცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცემა, რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, ბოლოს დააგდო იატაკზე და ყელის არეში მოუჭირა ქსოვილის ნაჭერი. მას შემდეგ, რაც მ.ა.-მ სუნთქვა შეწყვიტა და გარდაიცვალა, გვამის მოშორების მიზნით ის თოკით შეკრა, მოათავსა ჩანთაში და საკანალიზაციო არხში გადააგდო. თავად ვ.ო.-მ კი გარდაცვლილის პირადობის მოწმობით ისარგებლა და გარდაცვლილი მ.ა.-ს კუთვნილი ბინა ლ.ღ.-ს მიყიდა.
განსასჯელმა ვ.ო.-მ გარდაცვლილი მ.ა-ს პირადობის მოწმობის გამოყენებით მიიღო პენსია და აიღო საპენსიო კრედიტი, რითაც თაღლითურად დაეუფლა 327,05 ლარს.
განსასჯელის ბრალეულობა დადასტურებული იქნა საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: თავად განსასჯელ ვ.ო.-ს ნაწილობრივ - აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ლ.ღ.-ს, გ.ღ.-ს, გ.ა.-ს, მ.მ.-ს ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით.
ვ.ო.-ს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.