GEOENG
   
 
პრეს-რელიზი

2010 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა - გ. ელიზბარაშვილის მიერ მ. ცილიკიშილის მკვლელობის სს საქმეზე, მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე, 10 ბრალდებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ბრალდებულებს - თამაზ ელიზბარაშვილს, თეიმურაზ მაჭავარიანს და ზურაბ ივანიშვილის ბრალად ედებათ:

ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტ-ფსიქიატრების მიერ არასწორი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად, იმჟამინდელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილისთვის, მერაბ ქორჩილავასთვის ქრთამის მიცემა;

ჯგუფურად, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტ-ფსიქიატრების: თეიმურაზ ხარებავას, თეიმურაზ სილაგაძის, ზურაბ ბერიას, გიორგი ნანეიშვილის და თამარ გოჩიტაშვილისთვის ფულის გადაცემა, რათა მათ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოეყენებინათ მომსყიდველის ინტერესებისათვის  - მსჯავრდებულ გ. ელიზბარაშვილის მიმართ არასწორი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად;

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - გ. ელიზბარაშვილის მიერ მ. ცილიკიშვილის მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების - სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, გ. ელიზბარაშვილისათვის დანიშნული სასჯელის უკანონოდ გადავადება;
 
თამაზ ელიზბარაშვილი, ზურაბ ივანიშვილის და მსჯავრდებულ გ. ელიზბარაშვილის მეუღლეს სალომე ივანიშვილი-ელიზბარაშვილს ასევე ბრალად ედებათ:   ჯგუფურად, ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და სპეციალური უფლებამოსილების განმახორციელებელი პირისათვის - ექსპერტ თენგიზ ხარებავასთვის ფულის გადაცემა, რათა ამ უკანასკნელს მომსყიდველის ინტერესებისათვის, ,,ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში~ საექსპერტო კვლევისათვის წარედგინა ყალბი დასკვნის გასაცემად აუცილებელი გ. ელიზბარაშვილის სამედიცინო გამოკვლევის შედეგები (2010 წლის ეპიზოდი) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - გ. ელიზბარაშვილის მიერ მ. ცილიკიშვილის მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია (2010 წლის ეპიზოდი);

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მერაბ ქორჩილავას ბრალად ედება:

მ. ქორჩილავას მიერ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რის შედეგადაც, მან, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ხელი შეუწყო მსჯავრდებულ გ. ელიზბარაშვილის სასარგებლოდ, არასწორი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გაცემას  და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი პირების მიმართ განახორციელა სამსახურეობრივი მფარველობა ;

ექსპერტებს - თემურ ხარებავას, თეიმურაზ სილაგაძეს, ზურაბ ბერიას, გიორგი ნანეიშვილსა და თამარ გოჩიტაშვილს, ბრალად ედებათ:

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილისთვის, მერაბ ქორჩილავასთვის ქრთამის მიცემაში დახმარება;

ჯგუფურად, ფულის უკანონოდ მიღება, რათა ორგანიზაციაში თავისი სპეციალური უფლებამოსილება და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოეყენებინათ მომსყიდველის ინტერესებისათვის  - მსჯავრდებულ გ. ელიზბარაშვილის მიმართ არასწორი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად;

ექსპერტ თემურ ხარებავას ასევე ბრალად ედება :   მსჯავრდებულ გ. ელიზბარაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან პირდაპირ ფულის შეთავაზების მიღება, რათა ორგანიზაციაში თავისი სპეციალური უფლებამოსილება სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით გამოეყენებინა მომსყიდველის ინტერესებისათვის (2009 წლის ეპიზოდი);

შუამდგომლობის განხილვისას ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ბრალდებულების - თამაზ ელიზბარაშვილის, ზურაბ ივანიშვილის, თეიმურაზ მაჭავარიანისა და მერაბ ქორჩილავას მიმართ იშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდება, ხოლო ბრალდებულების - თემურ ხარებავას, თეიმურაზ სილაგაძის, ზურაბ ბერიას, გიორგი ნანეიშვილის, თამარ გოჩიტაშვილისა და სალომე ივანიშვილი-ელიზბარაშვილის მიმართ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სს საქმის მასალების მიხედვით, ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ: ზურაბ ივანიშვილს, თამაზ ელიზბარაშვილს, თეიმურაზ მაჭავარიანსა და მერაბ ქორჩილავას ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა. ამასთან, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბ ივანიშვილს, თამაზ ელიზბარაშვილს, თეიმურაზ მაჭავარიანს ბრალად ედებათ მტკიცებულების ფალსიფიკაცია და ამ მიზნით ქრთამის მიცემა და ექსპერტთა მოსყიდვა, ხოლო მერაბ ქორჩილავა იყო საჯარო მოხელე და საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა უმრავლესობა ქმედების განხორციელების მომენტისათვის იმყოფებოდნენ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში, არსებობს ბრალდებულთა მხრიდან პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საშიშროება. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებულები : თემურ ხარებავა, თეიმურაზ სილაგაძე, ზურაბ ბერია, გიორგი ნანეიშვილი, თამარ გოჩიტაშვილი და სალომე ივანიშვილი-ელიზბარაშვილი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რის გამოც მიიჩნია, რომ აღნიშნულ პირთა მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებითაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იქნეს ბრალდებულთა სათანადო ქცევა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დააკმაყოფილა ქ. თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს:  ზურაბ ივანიშვილს, თამაზ ელიზბარაშვილს, თეიმურაზ მაჭავარიანსა და მერაბ ქორჩილავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2  (ორი) თვის ვადით დაპატიმრება შეუფარდა, ხოლო ბრალდებულების: თემურ ხარებავას, თეიმურაზ სილაგაძის, ზურაბ ბერიას, გიორგი ნანეიშვილის, თამარ გოჩიტაშვილისა და სალომე ივანიშვილი-ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 5000-5000 ლარის ოდენობით.

  თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.