GEOENG
   
 
განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

2018 წლის 7 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებულ ნ. ქ.-ს მიმართ და მას განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის,  ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება-გასაღებისათვის,   15  წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

არსებითად განხილვის სასამართლო სხდომებზე  გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და  საცხოვრებელი  ბინის დათვალიერების ოქმებით, ამოღებული  ნივთიერი მტკიცებულებებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა  ნ. ქ.-ს მიერ ბრალად  შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა.

საქმე ეხება,  2017 წლის 29 დეკემბერს,  ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, სუფრაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებას,  რა დროსაც არასრულწლოვანი თვითმხილველი მოწმეების თანდასწრებით, შურისძიების მოტივით,  ნ.ქ.-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით,  დამიზნებით ესროლა დ. ტ.-ს.  ბრალდებულმა დაჭრილს  მეორედაც ესროლა, რა დროსაც ეს უკანასკნელი ძირს დაეცა, რის შემდეგადაც ნ.ქ.-მ აიღო დანა და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ყელისა და ტანის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  დანაშაულის დაფარვის მიზნით,  ბრალდებულმა გვამი მდინარე მტკვართან ხევში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე საღამოს, ნ.ქ. მეგობრებთან ერთად ხევში ჩავიდა და ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით, გვამი გადამალვის მიზნით  მდინარე მტკვარში გადააგდო.

2018 წლის  იანვრის დასაწყისში ბრალდებულმა, რომელიც დ.ტ.-ს მკვლელობის იარაღს ჩანთით ატარებდა,  ცეცხლსასროლი იარაღი მეგობარს მიუტანა და  მოახდინა მისი გასაღება. 2018 წლის 9 იანვარს, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ბრალდებულის მეგობრის საცხოვრებელის სახის სარდაფიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები,  ნ. ქ. დამნაშავედ ცნო ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში და მას დანაშაულთა ერთობლიობითა და  სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით,  სასჯელის სახედ და ზომად,  საბოლოოდ,  15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ნ.ქ.-ს დანაშაულებრივი ქმედების უშუალო შემსწრე და მომხდარის თაობაზე ინფორმაციის მქონე არაერთი პირი მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში დანაშაულის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვისათვის.

ბეჭდვა
  კალენდარი
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Created By: Pro-Service Copyright © 2008 . All Rights Reserved.